ოთარ დანელია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის ექსპერტს შეხვდა

ოთარ დანელია ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის ინიციატივით მიმდინარე „საქართველოს სოფლის მეურნეობის საინიციატივო პროგრამა“ განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დარგში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაიკლ შტაინერის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოახლოვებისა და ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყნებში სასოფლო-სამუერნეო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში საპილოტე პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება საქართველოს სასურსათო პოტენციალი. პროგრამის მეშვეობით დადგინდება, რა მოცულობით და რა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი საქართველოში. პირველ ეტაპზე შეირჩა ორი კულტურა – ხორბალი და სიმინდი. მომავალი კვირიდან დაიწყება პროექტი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ფართობების მიხედვით სიმინდის და ხორბლის მოსავლიანობა“, – განაცხადა მაიკლ შტაინერმა.
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაციისათვის და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააქტიურდება მიმდინარე პროექტებზე მუშაობა.
„ჩვენ ასევე მიველასმებით ახალ იდეებს და მზად ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ახალი პროექტები, რომლებიც დამატებით სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები