ბელა ჩეკურიშვილი – „ჩემთვის არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, ეჭვი შემეტანა აცრის, როგორც დაავადებასთან ბრძოლის მეთოდის სისწორეში“

„პანდემიის დაწყების დღიდან  ვეკითხები ჩემს თავს: რის იმედად შეიძლება, ვიყო ამ ომში? რომ ტყვია ამცდება? მაგრამ როდემდე ვიჯდები სანგარში?  იქნებ ჯობს, ერთ, საერთო აქციაში ჩავება, რომ, ბოლოსდაბოლოს, ეს ომი დასრულდეს?“, – ეს სიტყვები გერმანიაში მცხოვრებ ქართველ პოეტსა და პროზაიკოსს, ჟურნალისტსა და გერმანისტს, ქალბატონ ბელა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. მან ჩვენთან ვაქცინაცაზე საუბრისას განაცხადა, რომ პერსონალურად მისთვის  არასდროს დამდგარა დღის წესრიგში,  ეჭვი შეეტანა აცრის, როგორც დაავადებასთან ბრძოლის მეთოდის სისწორეში.

მისი თქმით: „ორასსაუკუნოვანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ აცრის მეთოდით უამრავმა დაავადებამ დაიხია უკან. ადამიანთა უმრავლესობას ხშირად სიახლის მიღების ეშინია  ან სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ცდილობენ, შეკითხვები დასვან, გაერკვნენ. თუმცა კი, როცა ვაქცინაციაზე ვმსჯელობთ, სწორედ საუკუნეებით გამყარებული გამოცდილება უნდა იყოს პასუხი მათ შიშზე თუ სკეფსისზე. წარმოიდგინეთ, ისევ ბობოქრობდეს ყვავილის ეპიდემია  ანდა – პოლიომელიტის? ხომ ვიცით ისტორიული ფაქტებით, რა ხდებოდა ყვავილზე აცრამდე და რა ხდება ახლა? ისიც ხომ ვიცით, ამ კონკრეტულ ყვავილზე თუ პოლიომელიტზე აცრით ადამიანებს სხვა ორგანოები არ დაუზიანდათ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ შემოკლებულა და პირიქით, მხოლოდ გადარჩნენ?

საქართველოს  დღევანდელ მოსახლეობას ის თაობები შეადგენენ, ვინც ბავშვობაში აცრების სრული კურსი ჩაიტარა. არც ჩვენ და არც ჩვენს მშობლებს არ შეუტანიათ მაშინ ეჭვი, საჭირო იყო თუ არა წითელაზე ანდა სხვა დაავადებებზე აცრა.

აცრების მიმართ სკეფსისი მას შემდეგ დაიწყო ევროპაში, რაც ევროპამ დიდი პანდემიები გადააგორა და განცხრომას მიეცა. მე მგონი, ეს სწორი სიტყვაა: როცა მშვიდობა გაქვს, იოლია ომზე აზრების ფრქვევა. მაგრამ დღეს ომში ვართ. პანდემიასთან ომში და ვარაუდების და აზრების გაცვლა – გამოცვლა კი არა, მოქმედებაა საჭირო, თორემ ვხედავთ, ეს მტერი ვირუსი ერთნაირად ცელავს მოხუცს თუ ახალგაზრდას. და როცა ომია, სანგრების გათხრაა საჭირო, ტყვიების წვიმაში დგომა და იმაზე დაკვირვება კი არა – ტყვია რამდენად მჭრელია, რა სისწრაფით აზიანებს ორგანიზმს, ანდა, რამდენია ალბათობა, გვერდით  ჩაგვიაროს და არ მოგვხვდეს.

დაავადების მიღებაც და გადალახვაც  დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნიტეტზე და მკურნალობის სწორ კურსზე. იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები მუდმივ სტრესში არიან, სადაც ომებს, რევოლუციებს, პოლიტიკურ კრიზისს და სოციალურ სიდუხჭირეს პერმანენტული ხასიათი აქვს, შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარი სხეულის იმუნიტეტის იმედად დარჩე.

საქართველოს მდგომარეობას ვერ შევადარებთ, ვთქვათ, გერმანიის მდგომარეობას, სადაც ბოლო 60 წელია ხვავი და ბარაქა ტრიალებს, ადამიანებს საუკეთესო ჯანდაცვა ემსახურებათ, ექიმი უდგენთ წინასწარი  გამოკვლევების გრაფიკს, რომ რამე ავადმყოფობა არ გაიპაროს და ამ ყველაფერს დაზღვევა იხდის. ასეთ პირობებში მყოფ ქვეყნის მოქალაქეს აქვს იმის ფუფუნება, იჭირვეულოს და გაჯიუტდეს. დიახ, ეს ფუფუნებაა, ვიფიქროთ, რომ ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტი ყველა დაავადებას მოერევა. თუმცა კი, იგივე გერმანიაში, ამ ცოტა ხნის წინ, ასი ათასი გახდა კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა.

დღეისათვის გერმანიის მოსახლეობის 70 პროცენტია აცრილი. და ეს ცოტაა.

მაგრამ უფრო საგანგაშოდ ცოტაა საქართველოში, სადაც, პროცენტულად თუ შევადარებთ, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია.

პანდემიის დაწყების დღიდან  ვეკითხები ჩემს თავს: რის იმედად შეიძლება, ვიყო ამ ომში? რომ ტყვია ამცდება? მაგრამ როდემდე ვიჯდები სანგარში?  იქნებ ჯობია, ერთ საერთო აქციაში ჩავება, რომ, ბოლოსდაბოლოს, ეს ომი დასრულდეს?“, – განაცხადა ბელა ჩეკურიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები