უვადოდ თავისუფლების აღკვეთა – ეს ის სასჯელია, რომელსაც გერმანიის გენერალური პროკურატურა ბერლინის უმაღლეს სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელისთვის ითხოვს. თუკი ეს განაჩენი დადგება, ბრალდებულს ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებაც არ ექნება. განსასჯელის სკამზე რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვია (სოკოლოვი), რომელმაც, გერმანელი სამართალდამცველების ვერსიით, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. ბრალდების მხარე დამტკიცებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს კრასიკოვმა ხანგოშვილი ბერლინის პარკ ტირგარენში გამოასალმა სიცოცხლეს. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო რუსული სახელმწიფო აქტორების მიერ შეკვეთილი მკვლელობა. პროკურორმა, ნიკოლაუს ფორშნერმა განაცხადა, რომ შეკვეთილი მკვლელობის მოტივი გახდა „მსხვერპლის მტრული განწყობა რუსეთის სახელმწიფოს მიმართ“ და კრასიკოვი „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებების“ დავალებით მოქმედებდა.
გამოძიების პროცესში, დაიკითხა 50-მდე მოწმე.
გერმანული მედია წერს, რომ პროკურატურა კრასიკოვს ფსბ-ს სპეცდანიშნულების „ვიმპელის“ პოლკოვნიკად მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, 56 წლის კრასიკოვი ბერლინში ვარშავიდან ყალბი დოკუმენტების დახმარებით ჩავიდა. ბერლინში დაკავებისას მას აღმოუჩინეს ყალბი პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე. ის მსხვერპლს ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი იარაღით სამჯერ ესროლა, აქედან ორი თავის არეში განხორციელებული საკონტროლო გასროლა იყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მომხდარი სასიკვდილო განაჩენის სასტიკ აღსრულებას ჰგავდა. აღსანიშნავია, რომ გავლენიანი გერმანული გამოცემის – Der Spiegel-ის ინფორმაციით, 2020 წელს გერმანელმა სამართალდამცველებმა კრასიკოვის პარტნიორის კვალიც დაადგინეს. რომან დ. ასევე, რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელია და კრასიკოვს იარაღითა და ტრანსპორტით დაეხმარა, ის არ დაუკავებიათ.
Der Spiegel-ის, Insider-ის და Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კრასიკოვი წვრთნას ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ცენტრში, ბალაშიხაში გადიოდა. ბოლო წვრთნა მან ხანგოშვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიარა.
ასევე, გერმანელი სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც გერმანიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა, დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფი უთვალთვალებდა და შესაფერის მომენტს ელოდა. თუმცა, დღემდე რუსეთის ხელისუფლება უარყოფს თავისი სპეცსამსახურების კავშირს ამ გახმაურებულ მკვლელობასთან. ვლადიმერ პუტინმა, ხანგოშვილის მკვლელობის საქმის კომენტირებისას, იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ მოკლული კავკასიაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან, ბერლინის უმაღლესი სასამართლოს განსაკუთრებულად დაცულ დარბაზში მიმდინარეობს. გერმანიის ხელისუფლება იმასაც აცხადებს, რომ კრემლი ამ საქმის გამოძიებაში არ ეხმარება.
ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, განაჩენი 25 დეკემბრამდე გახდება ცნობილი.
თუკი გერმანული სასამართლო გენერალური პროკურატურის ვერსიას გაითვალისწინებს, სავარაუდოდ, დადგება პოლიტიკური შედეგებიც. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხანგოშვილის მკვლელობა მოხდა და საქმეზე გამოძიება ახალი დაწყებული იყო, ბერლინმა რუსული საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. შარშან კი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ხაიკო მაასმა პირდაპირ თქვა, რომ თუკი რუსეთის სახელმწიფო უწყებების კავშირი ამ მკვლელობასთან საბოლოოდ დამტკიცდება, გერმანია ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს. როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, ახლა ეს საქმე გერმანიის ახალი კანცლერისთვის ნამდვილი ტესტი, ხოლო პუტინისთვის სერიოზული თავის ტკივილი გახდება.
ნათია სავანელი