რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოება ალიანსის წევრების, მათი მოკავშირეების, ასევე, იმ ქვეყნების უსაფრთხოებას არ გაზრდის, რომლებიც ალიანსში მიისწრაფვიან, პირიქით, მათთვის სავალალო შედეგი იქნება.
ამის შესახებ დიპლომატმა “იზვესტიასთან” ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, ნატო-ს წევრები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ კავშირებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება, იყოს “აბსოლუტური”.
რიაბკოვის განმარტებით, გაერთიანებებში გაწევრიანების თავისუფლება არ უნდა მოხდეს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე, ამიტომ, უნდა არსებობდეს მკაფიო ჩარჩო და ორმხრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
ამიტომ, დიპლომატის თქმით, ნატო-ს გაფართოება დიდი ხნის წინ შევიდა ძალიან მკვეთრ წინააღმდეგობაში სწორედ ამ პოსტულატთან.
მან გააფრთხილა ის ქვეყნები (აღმოსავლეთ ფლანგზე, სავარაუდოდ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა), რომლებიც ნატო-სკენ მიისწრაფვიან, რომ ამ გარემოებაში ალიანსში წევრობა მათ უსაფრთხოებას არ გაზრდის, მათთვის სავალალო შედეგი იქნება.
“ჩვენი ოპონენტების ყურადღებას, როგორც ნატო-ს წევრების, ისე – ქვეყნების, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ იქ მიისწრაფვიან, ურყევად გავამახვილებთ იმაზე, რომ შეუძლებელია ორივეს შეთავსება. ამიტომ, ნატო-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს, რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს – არის უვარგისი საშუალებების გამოყენების მცდელობა. ჩვენს პოზიციაზე ვიდგებით: თუ ოპონენტები საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება ამით არ გაძლიერდება, მათთვის სავალალო შედეგები იქნება”, – განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.