საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 26 პირი.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს,
გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 89 033 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.
“გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.