აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს სასწავლო ინსტრუქტორებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორებსა და გამომძიებლებს სპეციალური კურსი ჩაუტარეს
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს სასწავლო ინსტრუქტორებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის 30 პროკურორსა და გამომძიებელს, ასევე, შსს-ს ორ გამომძიებელს i2 დიაგრამების ანალიზის კურსი ჩაუტარეს. მონაწილეებმა შეიძინეს პროგრამული უზრუნველყოფის მართვის უნარები, რაც გამოძიების მსვლელობაში დაეხმარებათ, მათ შორის დაკავშირებული ქსელის ვიზუალიზაცია, გეოსივრცითი რუკებისა და სოციალური ქსელების ანალიზი.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში ჯენიფერ სვიდერი და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი საქართველოში სარა რუპერტი შეხვდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღნიშნული ტრენინგის და IBM i2 პროგრამის გამოყენების მნიშვნელობას, მონაწილეებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
კურსისთვის პროგრამული უზრუნველყოფა სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ შარშან შეიძინა და პროკურატურისთვის კურსი სრულად დააფინანსა.
IBM i2 ანალიზის პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საერთაშორისო ბიუროს და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის მეშვეობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან პარტნიორობით დაინერგა. იგი პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს და დანაშაულის დროულად გამოძიებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენება.
IBM i2 პროგრამა უზრუნველყოფს საგამოძიებო ინფორმაციის დროულ შეგროვებას, გაცვლას და ანალიზს, რათა მოხდეს თაღლითური და დანაშაულებრივი საქმიანობის იდენტიფიცირება, პროგნოზირება, თავიდან აცილება და ხელის შეშლა. ეს კი პროკურორებს და გამომძიებლებს საშუალებას მისცემს კარგად განვითარებული დანაშაულებრივი ქსელების ეფექტიანი და დროული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.