საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის გარემოების დადგენა სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე პირის დისციპლინური სასჯელით დასრულდა.
გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აწარმოებდა.
ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციამ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის გარემოებების შესახებ ოფიციალური გამოძიება ჩაატარა. ამ პერიოდით სასაზღვრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის, სასაზღვრო რაზმისა და სამხრეთ რეგიონული დირექტორატის თანამდებობის პირებს შეუჩერდათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. გამოძიების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ამ დანაყოფისა და ორგანოების არაერთი თანამდებობის პირებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – განაცხადა დემჩენკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დეტალს ვერ გაამჟღავნებს, რადგან გამოძიების მასალები შეიცავს შეზღუდული ხელმისაწვდომობის ინფორმაციას, თუმცა, აღნიშნა, რომ ისინი გადაეგზავნა შესაბამის, წინასწარი გამოძიების ორგანოს, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.