საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან ოსტინ სკოტთან, ჯო ვილსონთან, სტივ ვომაკსა და რუბენ გალეხოსთან.
პარლამენტის ინფორმაციით, კონგრესმენებთან შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები, ასევე, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. კონგრესმენები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხედავს ქართული მხარე მოვლენების შესაძლო განვითარებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს ტრაგიკული შედეგები თავიდან იქნას აცილებული. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების საკითხს და როგორც მათ აღნიშნეს, ისინი მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიმართულებით.
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა. საქართველომ საქმით დაამტკიცა, რომ ის არის იმ ღირებულებების ერთგული, რომელზეც დგას ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ ამიტომ, ისინი გულმხურვალედ დაუჭერენ მხარს საქართველოს ყოველთვის და ყველგან”, – განაცხადეს კონგრესმენებმა. კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ხელაშვილი.