თვითაღიარებული აფხაზეთისა და ჩინეთის ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებას ე.წ. საგარეო პასუხობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო “ქართველ დიპლომატებს ურჩევს, დაიცვან საერთაშორისო კომუნიკაციის წესები, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები”.
ამის შესახებ ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
“რეკომენდაცია” უკავშირდება 6 დეკემბერს დამასკოში ე.წ. ელჩისა და სირიაში ჩინეთის ელჩის შეხვედრას. ღონისძიების კომენტირებისას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ “აფხაზეთი და ჩინეთი, რომლებიც ერთიანი ფრონტით გამოდიან სირიის მხარდასაჭერად, შეძლებენ ნაყოფიერი მუშაობის დაწყებას ჰუმანიტარული, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის როლი მეგობარი სირიის არაბული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის საკვანძო იქნება რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის როლთან ერთად“.
ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. როგორც “კვირას” პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, “შედგა კომუნიკაცია ჩინეთის ელჩთან საქართველოში და ველოდებით მის მოსვლას უწყებაში განმარტებისთვის და გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ცნობებს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რაზეც გაკეთდება შესაბამისი განმარტება. საქართველოს საელჩოს ჩინეთში ასევე ჰქონდა კომუნიკაცია ჩინეთის საგარეო უწყებასთან. ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
დღეს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება რეკომენდაციებით გამოვიდა.
“სირიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეწოლის მოხდენას ცდილობს ქართული მხარე სირიაში ჩინეთის ელჩზე. კერძოდ, ქართული მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრიდან გავრცელებული საინფორმაციო მასალების გამო. აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის შესაბამისად. არ გვაინტერესებს ქართული მხარის აზრი ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით. ჩვენ ვურჩევთ ქართველ დიპლომატებს, დაიცვან საერთაშორისო კომუნიკაციის წესები, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები”, – ნათქვამია განცხადებაში.