შსს-ს დანაყოფებს სომხეთის პოლიციის უფროსი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს – ვაჰე ღაზარიანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ბესიკ ტეფნაძემ უმასპინძლეს.

სააგენტოს დირექტორმა დელეგაციის წევრებს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის შენობა დაათვალიერებინა და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების პროცესსაც გაეცნენ. სააგენტოში ვიზიტის დასასრულს, სომეხ სამართალდამცველებს საჩუქრად სახელობითი სანომრე ნიშნები გადაეცათ.

საქართველოს ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოინახულეს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო. იგი დელეგაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა.

სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიაში მინისტრის მოადგილეებმა: ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე რექტორმა – ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრები სასწავლებლის საქმიანობის სპეციფიკას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების შენობები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები