“პუტინისთვის დათმობა არ ყოფილა” – თეთრმა სახლმა ბაიდენისა და ზელენსკის საუბრის დეტალები გაასაჯაროვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ უამბო და დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, თავის მოკავშირეებთან ერთად, მიიღოს გადამწყვეტი ზომები უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის შემთხვევაში.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ასევე, როგორც  აღინიშნება,  ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ის პუტინთან უკრაინის საკითხზე არავითარ დათმობაზე არ წასულა.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ბაიდენმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო და უკრაინელი კოლეგა დაარწმუნა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში მოსკოვს მოკავშირეებთან ერთად გადამწყვეტი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.

გარდა ამისა, ბაიდენმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა, ისევე – როგორც პრინციპის – „არავითარი გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“.

ასევე, უკრაინული მედია თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ბრიფინგი გამართა, რომ ბაიდენმა ნათლად მიანიშნა, რომ პუტინთან საუბარში არანაირი დათმობა არ ყოფილა.

„ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ერთგულია ჩვენი პრინციპების მიმართ. მან ნათლად თქვა, რომ ერთ ერს არ შეუძლია, აიძულოს მეორე ერი, შეცვალოს თავისი საზღვრები, ერთ ერს არ შეუძლია  – უბრძანოს მეორეს, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ერებს არ შეუძლიათ, სხვებს უკარნახონ, ვისთან ერთად შეუძლიათ მუშაობა”, – თქვა მაღალჩინოსანმა.

ასევე, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას დაძაბულობის შემცირებისკენ და შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში დიპლომატია საუკეთესო გზაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები