გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბუსტერ დოზით 26 000-მდე ადამიანია აცრილი
განსაკუთრებული მნიშვნელობა „ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი, ე. წ . ომიკორონი გახდა , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა.
„სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი.
დღევანდელი რიცხვით სადღაც 26 000-მდე ადამიანს აქვს ბუსტერი გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი.
ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.