მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც დაერთო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა.
ბრალდების მხარე კი ითხოვდა, რომ 12 მოწმე არ ყოფილიყო დასაშვებად ცნობილი და მათი გამოკითხვა არ მომხდარიყო შემდეგ ეტაპზე, თუმცა, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ნუსხა და მტკიცებულებების სია.
ამ ეტაპზე, გარკვეული საკითხების განხილვა გრძელდება. მათ შორის, მოსამართლე განიხილავს ადვოკატების შუამდგომლობას, აღუდგეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.