გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილს, როგორც ჩანს, ურჩიეს ან თავად მიხვდა, რომ სასამართლოში მისი “ისტორიული გამოსვლები” პროკურატურას მტკიცებულებების გამყარებაში ეხმარებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლობას გამოეხმაურა.
“როგორც ჩანს, მას ურჩიეს ან თავად მიხვდა, რომ მისი “ისტორიული გამოსვლები” სასამართლო პროცესზე, ერთი მხრივ, პროკურატურას ეხმარებოდა იმაში, რომ ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები გაემყარებინა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში აქარწყლებდა ყველა კითხვას, რომელიც ვინმეს შეიძლებოდა, ჰქონოდა, თუ რატომ იყო ეს ადამიანი ან ბრალდებული და ან – მსჯავრდებული”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრება. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.