არარსებული „შვეიცარიელი ბიოლოგი“, რომელიც კოვიდის შესახებ „ფეისბუქზე“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა – როგორ ებრძვიან პროპაგანდისტები ვაქცინაციას

ჩინეთში პროპაგანდისტებმა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ, შექმნეს არარსებული შვეიცარიელი ბიოლოგი, რათა კორონავირუსის პანდემიის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინათ, ამის შესახებ „ფეისბუქის“ მკვლევრებმა განაცხადეს.

„მეცნიერი“, რომელსაც სახელად უილსონ ედვარდსი უწოდეს, „ფეისბუქზე“ წერდა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა, რათა ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთი დაედანაშაულებინა. პეკინში შვეიცარიის საელჩომ აგვისტოში განაცხადა, რომ ედვარდსი რეალური პიროვნება არ იყო.

მოგვიანებით, „ფეისბუქის “ მკვლევრების განცხადებით, მიაკვლიეს მტკიცებულებებს, რომ ეს პიროვნება ჩინეთის კიბერუსაფრთხოების კომპანიის მიერ იყო შექმნილი. „ბიოლოგს“ დასავლეთში დიდი ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო მედია ხშირად აშუქებდა მის „ნათქვამს“.

„ფეისბუქის“ განცხადებით, გაარკვიეს, რომ ანგარიში შექმნილი იყო სიჩუანის საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიის Silence მიერ, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და საინფორმაციო და უსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. მის კლიენტებს შორის არის სახელისუფლებო დაწესებულებები და სამინისტროები.

იმის მიუხედავად, რომ „ფეისბუქი“ დეზინფორმაციულ კამპანიებს ხშირად აკავშირებს მთავრობებთან, კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ კამპანიებს პირდაპირ აფინანსებს ჩინეთის ხელისუფლება.

ონლაინშეტევა ვაქცინაციის კამპანიაზე

დეზინფორმაციის კამპანია ვაქცინაციის წინააღმდეგ ანტივაქსერებმა მაშინ დაიწყეს, როდესაც პრეპარატები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ იყო. ციფრული სიძულვილის საწინააღმდეგო ცენტრმა (CCDH) და Anti-Vax Watch-მა ჩაატარეს „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ 812 000 პოსტის ანალიზი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მცდარი პროპაგანდის დაწყების 65% სულ 12 ადამიანსა და მათ კომპანიებზე მოდის. ამასთან, ეს ორგანიზაციები ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინდუსტრიას მეთვალყურეობენ.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ ამ 12 ადამიანის უამრავი გვერდი, ჯგუფი თუ ანგარიში წაშალეს როგორც „ფეისბუქზე“, ასევე – „ინსტაგრამზე“. ამასთან, უამრავი გვერდისთვის, რომლებიც მათ ანგარიშებთან იყო დაკავშირებული, შეზღუდვები დააწესეს – მაგალითად, აღნიშნული გვერდების პოსტები მომხმარებლების სიახლეების გვერდზე სულ ბოლოს ჩანდა.

ამასთან, „ფეისბუქის“ განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან მუშაობენ წამყვან ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, რომ სოციალური ქსელიდან წაშალონ კოვიდთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, ვინმესთვის კორონავირუსით დაავადების რისკი გაზარდოს.
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩვენს მთლიან პლატფორმაზე წავშალეთ 3 ათასზე მეტი ანგარიში, ჯგუფი და გვერდი, რომლებიც განმეორებით არღვევდნენ ჩვენს წესებს კორონავირუსის გავრცელებისა და ვაქცინაციის შესახებ. ასევე, წავშალეთ 20 მილიონზე მეტი პოსტი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინდეზინფორმაციას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინტერნეტში ინფექციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა ნაწილი ყალბი და პოტენციურად დამაზიანებელი შეიძლება იყოს.

„არასწორი ინფორმაცია ფართოდ და სწრაფად ვრცელდება, რაც კიდევ უფრო უართულებს მოსახლეობას ფაქტებისა და რჩევების გადამოწმებას სანდო წყაროებთან, როგორებიცაა – ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლობები ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
თუმცა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელშეშლა ყველას შეუძლია. თუ ნახავთ კონტენტს, რომელიც გგონიათ, რომ ყალბია ან დამაბნეველი, შეგიძლიათ დაარეპორტოთ სოციალურ მედიაპლატფორმაზე“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები