ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის რეისის საქართველოში დაშვების შემთხვევაში, ხელისუფლება პროვოკაციებს გეგმავდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეისის საქართველოში დაშვების შემთხვევაში, ხელისუფლება პროვოკაციებს გეგმავდა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ქვეყანაში მშვიდობიანი დაბრუნებით მმართველ გუნდს პროვოკაციების განხორციელებაში ხელი შეუშალა.
“აქ საუბარი იურიდიულ კაზუისტიკაზე, იმაზე, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა ყოფილიყო წარდგენილი, მესაზღვრეს რაღაც უნდა გაეფორმებინა, ეს არის სრულიად უადგილო. ეს არის პოლიტიკური აქტი, გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევის კატეგორიას არ ექვემდებარება. როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბრუნდება სამშობლოში, მას აქვს ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, რაც მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა. მან თავისი მშვიდობიანი დაბრუნებით, ხელი შეუშალა “ქართულ ოცნებას” პროვოკაციების განხორციელებაში, რასაც რეალურად გეგმავდნენ.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაასაჯაროვა ბილეთი, არსებობდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში სხვადასხვა თანამდებობის პირებს და საუბარი იყო, რომ შესაძლებლობა არ მისცემოდა იმ რეისს საქართველოში დაშვების. დაშვების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი გმირული ქცევით, ეს პროვოკაციები თავიდან ააცილა ქვეყანას და დაბრუნდა საქართველოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლებაში”, – თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრება. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.