საპატრულო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები გაეცნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი – ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.
ვაჟა სირაძემ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსსა და დელეგაციის წევრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა, განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ავტომობილები და აღჭურვილობა დაათვალიერებინა.
სომეხმა სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრიც მოინახულეს, სადაც იმ სერვისებს გაეცნენ, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს „ერთი სარკმლის პრინციპით“ შეუძლიათ. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი და დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს და შსს-ს აკადემიას ეწვევიან, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.