პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი უკვე ოთხმა ქვეყანამ გამოუცხადა
კანადა მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
“კანადა კვლავ ღრმად შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობებით. ამის შედეგად, ჩვენ არ გავაგზავნით დიპლომატიურ წარმომადგენლებს პეკინში ზამთრის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე”, – დაწერა მან Twitter-ზე.
ამავდროულად, ქვეყანა გააგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერას, რომლებიც თამაშებზე იასპარეზებენ.
მანამდე, სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტი ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ახალმა ზელანდიამ გამოუცხადეს. თუმცა, ახალმა ზელანდიამ ბოიკოტი პანდემიას დაუკავშირა.
გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ ნაჩქარევი ზომების წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ მომხრეა, არსებული ვითარება საერთაშორისო დონეზე იყოს განხილული.
ზამთრის ოლიმპიადა პეკინში 2022 წლის 4-დან 22 თებერვლამდე ჩატარდება, ხოლო პარაოლიმპიადა – 4 მარტიდან 13 მარტამდე.