გერმანიის ახალი კანცლერი, უკრაინაში შესაძლო ესკალაციის გამო, მოსკოვს საპასუხო შედეგებით დაემუქრა
გერმანიის ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთს უკრაინაში შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის საპასუხო შედეგებით დაემუქრა.
როგორც მან ტელეკომპანია Welt-TV-თან საუბრისას თქვა, “ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ გვინდა, რომ ყველამ პატივი სცეს საზღვრების ხელშეუხებლობას“.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრინციპი დაცული იყოს.
კითხვაზე, თვლის თუ არა “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის გაზსადენის გაშვებას სავალდებულოდ, როგორც მისი წინამორბედი თვლიდა, ასევე, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შროდერი, შოლცმა თქვა, რომ ქსელების ფედერალური ოფისის სერტიფიცირების პროცედურა გრძელდება. კანცლერის თქმით, გადაწყვეტილებას გერმანიის მარეგულირებელი მიიღებს.
ამავდროულად, ოლაფ შოლცის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ, უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.