დავით სერგეენკო: იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა, უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭებას არ ვემხრობი
პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა, უვადო “მწვანე სტატუსის“ მინიჭებას არ ემხრობა.
მისი განმარტებით, მსგავსი მიდგომა სპეციალისტების მოსაზრებას ეწინააღმდეგება.
“პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს თვისება, როცა რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს და 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის ვირუსს, არ ვიცით, იმედია, დაფარავს. მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო “მწვანე სტატუსის“ მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს იმუნიტეტი. არ ვიცი, რა ერთობლიობა იყო არგუმენტების, რის გამოც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. არ ვარ საკოორდინაციოს წევრი და არ ვიცი, რა მსჯელობა იყო. დაპირისპირებაზე არაფერი მსმენია, მედიის ნაწილისგან ვერსიებს ვისმენ”, – განაცხადა სერგეენკომ.