“აფხაზეთი და ჩინეთი შეძლებენ ნაყოფიერი მუშაობის დაწყებას” – დამასკოში ერთმანეთს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი და ჩინეთის ელჩი შეხვდნენ
დამასკოში ერთმანეთს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ბაგრატ ხუთაბა და სირიაში ჩინეთის ელჩი, ფენ ბიაო შეხვდნენ.
ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.
მისი თქმით, “თანაბარი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება რუსეთსა და ჩინეთს შორის ქმნის პირობებს უფრო სამართლიანი პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისთვის, სადაც პატივს სცემენ და აფასებენ ყველა ხალხის უფლებებს”.
არძინბას თქმით, ჩინეთმა, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა მსოფლიო ძალამ, აირჩია საერთაშორისო ურთიერთობებში შემოქმედებითი მონაწილის როლი, რომელიც მტკიცედ ეყრდნობა თავის საქმიანობაში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, გაერო-ს წესდებებსა და პრინციპებს.
„ჩინეთს თანმიმდევრულად შეაქვს თავისი წვლილი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, სხვა რეგიონებში – ჰუმანიტარული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფით როგორც ქვეყნების, ასევე, მათი მოქალაქეებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა არძინბამ.
მისი თქმით, “აფხაზეთი და ჩინეთი, რომლებიც ერთიანი ფრონტით გამოდიან სირიის მხარდასაჭერად, შეძლებენ ნაყოფიერი მუშაობის დაწყებას ჰუმანიტარული, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის როლი მეგობარი სირიის არაბული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში საკვანძო იქნება რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის როლთან ერთად“, – განაცხადა არძინბამ “ელჩების” შეხვედრის კომენტირებისას და დასძინა, რომ “აფხაზეთი მიესალმება ჩინეთის მიდგომას საგარეო პოლიტიკაში”.