რა არის „აფხაზეთის მომავალი“ ინალ არძინბას აზრით
როგორც ირკვევა, მალე მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს ბაზაზე ახალგაზრდების “მხარდაჭერის ცენტრი” – “აფხაზეთის მომავალი” გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი 2022 წლის დასაწყისში ამოქმედდება, მას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა კურირებს. ცენტრში მიმართვას შეძლებენ აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთში ცხოვრებენ. ცენტრის ბაზაზე განიხილება რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის, სტაჟირების პროგრამები, რუსეთში დროებითი დასაქმების საკითხები და რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაძლიერება ახალგაზრდა აფხაზი ლიდერების დონეზე.
როგორც ჩანს, ინალ არძინბა, რომელიც ,,საგარეო საქმეთა მინისტრი“ სულ ახლახან გახდა, აქტიურ საქმიანობას იწყებს და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის გავლენები, რომლებიც კრემლში აქვს. ის წლების განმავლობაში რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული, ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის დსთ-სთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მაშინდელი მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის თანაშემწე იყო. ოდიოზური სურკოვი სწორედ ის პერსონაა, რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის გალაშქრებაში, საბოლოოდ კი – ყირიმის ანექსიაში. უკრაინის პროკურატურა თავის დროზე აცხადებდა, რომ, ინალ არძინბას ძალისხმევით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, კერძოდ კი – ოდესის რეგიონის ტერიტორიაზე სეპარატისტული „ბესარაბიის“ შექმნა იგეგმებოდა. 2015 წელს კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურკოვიც და არძინბაც ტერორიზმსა და შეკვეთილი მკვლელობების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. 2015 წლის ოქტომბერში უკრაინაში არძინბას დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა. მალევე, არძინბა უკრაინის მთავარი მტრების სიაში სურკოვისა და კადიროვის გვერდით აღმოჩნდა.
ახლა ის კრემლმა უკან, აფხაზეთში „გადმოისროლა“, სწორედ იმ პერიოდში, როცა აფხაზეთში პანდემიის გავრცელების კვალდაკვალ სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, შემცირებულია სავაჭრო ბრუნვა რუსეთის ფედერაციასთან, იზრდება რუსეთის ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები და დოტაციებზე დამოკიდებულება, ასევე, აფხაზურ საზოგადოებაში მწვავედ დგას რუსეთის მოქალაქეებზე მიწების მიყიდვის საკითხი. ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ახალი დე ფაქტო საგარეო მინისტრი ამბობს, რომ „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაა“. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ის მისია, რომელიც სურკოვის ყოფილმა თანაშემწემ თავის თავზე აიღო – რუსული მარყუჟის უფრო მეტად მოჭერა ოკუპირებული აფხაზეთის ირგვლივ: სწორედ ამაზე მეტყველებს რუსეთის დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ ელჩის, ალექსეი დვინიანინის გახარებული სახე ახალდანიშნულ ინალ არძინბასთან შეხვედრის დროს, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრის კვალდაკვალ, დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. რესპუბლიკაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყველა ღონისძიება ინალ არძინბას უწყებასთან უნდა შეათანხმონ. ამის გაკეთება, მათ შორის, მოუწევთ მათაც, ვინც “საქართველოს ხელმძღვანელებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადებას” აწარმოებენ. ასევე, ეს ორგანიზაციები ვალდებულები ხდებიან, წარადგინონ ინფორმაცია თანამშრომლებისა და დაფინანსების წყაროს შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიანთი პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშების, დაფინანსების წყაროების შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა ევალებათ. როგორც ცნობილია, იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც, კრემლის ქმედებების გამო არსებულ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, ოკუპირებულ აფხაზეთს რეალურად ეხმარებიან, არიან გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC).
ეს და სხვა გადაწყვეტილებები რუსულ მედიაში „დობერმანად“ წოდებულ ინალ არძინბას მის მიერ სწორად შერჩეული სახელწოდების – “აფხაზეთის მომავალი” ხაზს მიყვება – მაქსიმალური იზოლაცია დანარჩენი სამყაროსგან და მაქსიმალურივე დამოკიდებულება რუსეთზე.
ლევან ქარქაშაძე