ადვოკატი: სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს, მაგრამ მთავარი ტესტი წინ არის
“გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს, რაც არის ძალიან მისასალმებელი ამბავი”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული პრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტალთან განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისთვის მთავარი ტესტი წინ არის და მოუთმენლად ელიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
„სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასა და უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით ირღვეოდა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ჩვენ ვხედავთ, რომ, გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს და ისინი, ამ პროცესში, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ კანონის მოთხოვნებით და არა – ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილით, რაც არის ძალიან მისასალმებელი ამბავი და მთავარი ტესტი პრინციპში წინ არის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისთვის, კერძოდ, მათთან მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.