Guardian: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებს გაგზავნის
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, შეერთებული შტატები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ძალებს გაგზავნის, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, – ამის შესახებ The Guardian-ი აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დღევანდელი მოლაპარაკების დროს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუმარტავს, რომ, რუსეთის ლიდერის მოთხოვნის მიუხედავად, აშშ არ გამორიცხავს უკრაინის მომავალ წევრობას ნატო-ში.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ის დამატებითი ძალები განლაგდება ისევე, როგორც ეს მოხდა უკრაინაში რუსეთის პირველი სამხედრო შეჭრის შემდეგ.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები “არ ცდილობს, აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონტრზომების მთავარი აქცენტი ამერიკული სამხედრო ძალის პირდაპირ გამოყენებაზე გაკეთდება” და ამჯობინებენ ეკონომიკური ზომებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას.
სააგენტო AFP ასევე მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით “ტვიტერზე” წერს, რომ “აშშ გასცემს “დადებით პასუხს” უკრაინაში საფრთხის გამო, ჯარების გაგზავნის მოთხოვნაზე”.
ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა CNN-ის ჟურნალისტმა, ნატაშა ბერტრანდმა. მან სოციალურ ქსელში დაწერა აშშ-ის ძალების შესაძლო დამატებითი განლაგების შესახებ, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.