სავალდებულო ვაქცინაცია მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლების დიდი ნაწილი აცრის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს

მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არაერთ ქვეყანაში გახდა – უსაფრთხო სასწავლო გარემოს მნიშვნელობაზე მსოფლიოს ლიდერებმა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყეს საუბარი და  საჭირო გადაწყვეტილებებიც მიიღეს.

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს განუცხადა, რომ ვაქცინის პირველი დოზა 15 ნოემბრისთვის უნდა მიეღოთ, რათა წლის ბოლოსთვის სრულად ვაქცინირებულები ყოფილიყვნენ. ქვეყანაში  2022 წლის 1-ელი იანვრისთვის სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების ყველა თანამშრომელი 2 დოზით უნდა იყოს აცრილი.

აშშ-ის რამდენიმე შტატში მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია უკვე რამდენიმე თვეა, სავალდებულოა. პირველი გადაწყვეტილება კალიფორნიამ მიიღო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პედაგოგები აგვისტოს დასაწყისში გააფრთხილა, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს უნდა წარედგინა ვაქცინაციის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ყოველ კვირას ტესტს გაიკეთებდნენ. სექტემბერში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, აშშ-ში მასწავლებლების 87% ვაქცინირებული იყო.

გარდა მასწავლებლებისა, აცრა სავალდებულოა ბევრი სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. აშშ-ის მსგავსად, ვაქცინაციას მოითხოვენ ევროპის ბევრ უნივერსიტეტში, მათ შორის, ავსტრიაში, ზალცბურგისა და გრაცის უნივერსიტეტებში, ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში, გრაცის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, ვენის ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტში ლექტორებისთვის, სტუდენტებისა და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის აცრა სავალდებულოა.

ვაქცინაციის ვალდებულება აქვთ ორი ბელგიური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც – ანტვერპის უნივერსიტეტსა და არტეველდეს უნივერსიტეტის კოლეჯს.

რაც შეეხება გერმანიას, იქ ვაქცინაციას ითხოვენ შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში: დიუსელდორფისა და  შტუტგარტის უნივერსიტეტებში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, კარლსრუეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

აცრა სავალდებულოა საფრანგეთის უმაღლესი  სასწავლებლების ნაწილისთვისაც. ვაქცინაციას სთხოვენ იტალიაშიც – პადუას, ბერგამოს, პალერმოს, კალაბრიას უნივერსიტეტებში.

კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელ  ან ტესტის ნეგატიურ პასუხს ითხოვენ ჩეხეთის ბევრ უმაღლეს სასწავლებელშიც.

კამპუსში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის საბუთით არის შესაძლებელი დანიის უნივერსიტეტების ნაწილისთვის.

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო, ვაქცინაცია  შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ უნივერსიტეტსა თუ სკოლაში გახდეს სავალდებულო. აშშ-ში აცრის დამადასტურებელ საბუთს 1000-ზე მეტ სასწავლებელში ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები