სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთს ბელორუსში იმ მიგრანტების დაბრუნება აუკრძალა, რომლებმაც საზღვარი უკვე გადაკვეთეს
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) პოლონეთს აუკრძალა იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომლებმაც ბელორუსის მხრიდან ქვეყანაში შესვლა შეძლეს, – ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ 20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ 47 განცხადება განიხილა, რომელიც შეტანილი იყო 198 განმცხადებლის მიერ. მომჩივანები ითხოვდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი უსაფრთხო ყოფნის უზრუნველყოფას.
„განცხადებების უმეტესობაში, სადაც განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ პოლონეთში და ითხოვდნენ, არ მომხდარიყო მათი უკან დაბრუნება, სასამართლომ გამოიყენა 39-ე წესი და დაადგინა, რომ განმცხადებლები არ უნდა გაძევებულიყვნენ პოლონეთიდან“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე სთხოვა ვარშავას, ავღანეთის იმ 32 მოქალაქესთან ადვოკატები დაუშვას, რომლებიც ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე იმყოფებიან.
ზოგიერთ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა, მიგრანტებისთვის მიეწოდებინათ საკვები, წყალი, ტანსაცმელი, სამედიცინო დახმარება ან დროებითი თავშესაფარი.