ნიუ-იორკის კერძო სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს განცხადებით, აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის კერძო სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო იმუნიზაცია ძალაში მიმდინარე წლის 27 დეკემბრიდან შევა.
„ნიუ-იორკში გადავწყვიტეთ, გადამჭრელი ზომები მივიღოთ „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ, რადგან საფრთხე რეალურია და დიდ რისკებს შეიცავს. ქალაქში რეგისტრირებული ყველა კერძო კომპანიის თანამშრომელს სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარება მოუწევს მიმდინარე წლის 27 დეკემბრიდან“, – განაცხადა დე ბლასიომ.
შეგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად, ნიუ-იორკში უკვე ძალაშია კერძო და რელიგიური სკოლების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაცია. ბილ დე ბლასიოს განცხადებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, რასაც სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში დაამტკიცებს გასაჩივრების შემთხვევაში.