კრემლში ბაიდენისა და პუტინის დაგეგმილი მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს მოლაპარაკებას დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით გამართავენ, – განუცხადა ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“ვთვლით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ვიდეოკონფერენცია”, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია მოსკოვის დროით, დაახლოებით, 18:00 საათზე შედგება, პირდაპირი ტრანსლაცია არ იქნება.

“ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ კომუნიკაციის პირველ კადრებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ პირველი კადრები. მთლიანი კომუნიკაცია განხორციელდება დახურულ კარს მიღმა”, – თქვა პესკოვმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კომუნიკაცია ერთი ერთზე, თუ მასში მონაწილეობას დელეგაციებიც მიიღებენ, პესკოვმა თქვა, რომ მსგავსი შეხვედრების წინა დღეს პუტინი ყოველთვის ურთიერთობს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

“ეს იქნება პირდაპირი საუბარი ორ პრეზიდენტს შორის. ვერ ვიტყვი, ვინ იქნება პრეზიდენტ ბაიდენის გვერდით. ჩვნი პრეზიდენტი, რასაკვირველია, პროფილურ მინისტრებთან, უწყებების ხელმძღვანელებთან გამართავს საუბრებს ასეთი მნიშვნელობის მოლაპარაკების წინ, შესაბამისად, ისინი ყოველთვის კავშირში არიან რუსეთის პრეზიდენტთან”, – განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება თემებს, პესკოვი ამბობს, რომ პუტინი და ბაიდენი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ განხორციელდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, გავიაროთ, ვნახოთ, რა რეალიზდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას“, – დასძინა კრემლის სპიკერმა.

მისივე თქმით, სხვა თემებს შორის არის – დაძაბულობას უკრაინის გარშემო, ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ამასთან, ერთობლივი განცხადებები არ გაკეთდება.

პუტინისა და ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები