“რამდენად კანონიერად ცხოვრობს ახალაიას სიდედრის სახლში რუსი დიპლომატი, ეს სპეცსამსახურების დასადგენია”
თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტზე კომენტარი “კვირასთან“ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გააკეთა. როგორც იმერლიშვილმა განაცხადა, ის აღნიშნული საქმის დეტალებს არ იცნობს და კონკრეტული შეფასების გაკეთება ამ ეტაპზე უჭირს. მისი თქმით, რამდენად კანონიერად, ან უკანონოდ ცხოვრობდა ახალაიას სიდედრის სახლში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგა, ეს სპეცსამსახურების საქმეა.
„ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ, ამიტომ კონკრეტული შეფასების გაკეთება გამიჭირდება. ვიდრე საბუთებს არ გავეცნობი, ძალიან ძნელია კომენტირება. სავარაუდოდ, ეს არის სპეცსამსახურების საქმე. რუსი დიპლომატი რამდენად კანონიერად ცხოვრობს ბაჩო ახალაიას სიდედრის სახლში, ეს ალბათ სპეცსამსახურებმა, დიპლომატიურმა სამსახურებმა უკეთ იციან. შესაბამისი უწყებებიდან ამ თემაზე პასუხები ალბათ იქნება“,-აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა, აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა, პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.
ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს. აღნიშნულ თემას დღეს საგანგებო განცხადებით ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა. როგორც ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებაში განმარტავს, მამამისის თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან აღნიშნული ბინა გაქირავებულია და სახლთან ბაჩო ახალაიას არანაირი შეხება არ აქვს. ბაჩო ახალაიას მეუღლე ასევე ვრცელ განმარტებას აკეთებს დედამისის, ლიდია ყურაშვილის მიერ აღნიშნული ბინის რუსეთის წარმომადგენლისთვის მიქირავების გადაწყვეტილების გარემოებებზე. ნადარეიშვილის მტკიცებით, 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი რუსეთის წარმომადგენელმა გამოთქვა, რაზედაც ლიდია ყურაშვილმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ “თამაზის ნაცხოვრებ სახლში“ მტრებს არ აცხოვრებდა. თუმცა, ბაჩო ახალაიას მეუღლის თქმით, უშიშროების სამსახურმა დედამისს აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ასე იყო აუცილებელი, შესაბამისად, სახლი რუსეთის წარმომადგენელს მიქირავდა.