რამაზ საყვარელიძე: არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს

“მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ორივე სასამართლო პროცესზე პოლიტიკური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და მისი აქცენტებიც­ პოლიტიკური. თუმცა, სიახლით არ გამოირჩეოდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიზანი რომ იყოს აღიარება­ და მონანიება, პირველი თვითონ მოიხდიდა ბოდიშს.

“სააკაშვილის სიტყვა ორივე პროცესზე პოლიტიკური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და მისი აქცენტებიც­ პოლიტიკური. თუმცა სიახლით არ გამოირჩეოდა, დაწყებული 7 ნოემბრის აქციის დარბევით და დამთავრებული რუსეთთან ურთიერთობის ნიუანსებით, ყველაფერი იგივე თქვა, რასაც ადრე ამბობდა.­ იყო სიახლეებიც, სხდომაზე, ფაქტობრივად, თქვა, ფული ჩემმა მეუღლემ გაფლანგაო. იშვიათად, რომ ქმარმა ცოლს დაადოს ხელი და თავად აიცილოს ბრალი. კიდევ ერთმა პასაჟმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა – პატიმარმა­ თქვა, მე მაღალი თანამდებობის პირი ვარ და დრო არა მაქვსო. საზო­გადოებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო”,- აცხადებს ექსპერტი.

ჟურნალისტის კითხვაზე – “რით აიხსნება მისი განცხადებები, რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა? მერაბიშვილისთვის 7 ნოემბრის დაბრალება კიდევ გასაგებია, მაგრამ მეუღლის ამ კონტექსტში მოხსენიება ვისზე შეიძლება ყოფილიყო გათვლილი?”: საყვარელიძე პასუხობს, რომ შესაძლოა ექიმების ვერსია ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით რეალური იყოს.

“მიჭირს თქმა იმ ფრაგმენტის გამო, სადაც მან უდროობა მოიმიზეზა, რაც მისი მდგომარეობის ადამიანისთვის არაადეკვატ­ურია, საზოგადოებაშიც გაჩნდა განცდა მისი არაადეკვატურობის შესახებ და ეს კარგად ჩანდა სოცქსელებში. არ არის გამორიცხული, რეალური იყოს მისი ექიმე­ბის ვერსია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს. მე არ მიყვარს პოლიტიკოსების ფსიქიკაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ვიცნობ როგორც ძალიან ნიჭიერ და გონიერ ადამიანს და არ მჯერა, რომ ახლა განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. ამიტომ უფრო იმ ვერსიას ვემხრობი, რომ არაადეკვატურობა შეიძლება სიმულაცია იყოს, რათა გამართლდეს ექიმების, ადვოკატებისა და მომხრეების ნათქვამი, რომ სააკაშვილზე ხელისუფლება სხვადასხვა მანქანით ახდენს ზემოქმედებას. შესაძლოა ამ მიმართულებითაც აქვთ დაგეგმილი რაღაც.

მისი უკრაინაში გადაყვანის ვერსია – არა მგონია, რეალური იყოს. კითხვა­ რომ ისმება ამაზე, გასაგებია, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ვერსია რეალური არა მგონია იმიტომ, რომ არც სააკაშვილი ითხოვს და არც უკრაინისგან ისმის, გადმოგვეცითო. რომც გადასცენ, ხომ ისევ ციხეში უნდა გადავიდეს და, ალბათ, თვითონაც გრძნობს, რომ ქართულ ციხესა­ და უკრაინულ ციხეში მისადმი დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იქნება. უკრაინისთვის ის რიგითი პატიმარი იქნება, საქართველოსთვის კი განსაკუთრებულია. ამიტომ ვფიქრობ, უკრაინაში გადაყვანის თემა არ არის აქტუალური. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ეს თქვეს ექიმებმა და ადვოკატმა, თუმცა იქვე მოაყოლეს, ეს ხელისუფლების ქმედების შედეგიაო. გაგახსენებთ მანქანით დასხივების­ თემას და ა.შ. თუმცა ეს დამაჯერებელი არ არის, რადგან­ დასხივება ყველასთვის სახიფათო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რადგან­ გაჩნდა ეს თემა, შეიძლება სახელმწიფო ბრალდების წინააღმდეგ ესეც გათამაშდეს. მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიური აშლილობის სიმულაცია პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება სიმულირებული იყოს ის არაადეკვატური გამოთქმები, რომლებიც მისი მეორე გამოსვლისას მოვისმინეთ.

მის გეგმაზე მსჯელობა­ ძნელია, რადგან ლოგიკურად თუ მივუდგებით, მაშინ არ უნდა ჩამოსულიყო, ისევე როგორც ამ წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა, მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა. ამასთან, ჩამოვიდა ისე, რომ ორი საზღვარი დაარღვია. საქართველო კიდევ გასაგებია, რადგან აქ დაჭერა ემუქრებოდა, მაგრამ უკრაინიდან რატომ წამოვიდა ამ გზით?

მოტაცების ვარიანტმაც გაიჟღერა, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ რომ გაეტაცათ, ქართულ მხარეს უნდა გაეტაცე­ბინა, რადგან საქართველოში აღმოჩნდა. თუმცა ქართულ პოლიციას ეს რაში სჭირდებოდა, გაუგებარია. ამასთან, ამ ვერსიას დამაჯერებლობა ექნებოდა მაშინ, თუ სააკ­აშვილს ხელისუფლება პოლიტიკურად გააჩუმებდა, გადამალავდა, ახლა კი განცხადებებსაც აკეთებს, წერილებსაც გზავნის და მას არ ზღუდავენ. ამიტომ “მოტაცებაში” ლოგიკა ძნელი საპოვნელია. ერთადერთი, რაც ლოგიკურად მეჩვენება, ის არის, რომ უკრაინიდან სირთულეებს გამოექცა. მას უთანხმოება ჰქონდა­ უკრაინის ბევრ ისეთ პირთან, რომლებიც, არ არის გამორიცხული, ემუქრებოდნენ. გაიხსენეთ, ბაჩო ახალაიას ჩეჩნები რომ დაემუქრნენ, თბილისში ჩამოვიდა და ციხეში თავად ჩაჯდა, რადგან თურქეთში ყოფნა მისთვის სახიფათო იყო, ხოლო ციხეში ვეღარ მისწვდებოდნენ. იგივე მიზეზები ხომ არ ჰქონდა სააკაშვილს? სავარაუდოდ, უკრაინაში რაღაც მიზეზი იყო, რასაც გამოექცა. სააკაშვილი ერთ-ერთი­ რიგითი მმართველი იყო, რომელსაც კარგიც ჰქონდა და ცუდიც­, მაგრამ რომ იჩემებს სახელმწიფოს დამფუძნებლობას და თავს დამნაშავედ არაფერში გრძნობს, სულ ის რომ უნდა იყოს ამაღლებული და თაყვანს სცემდნენ, ძალიან დაშორებულია მონანიების განზრახვასთან. რაღაცის აშენება, მიღწევა, ყველაფერი მისი დამსახურებაა და მის ტექსტში “მე” მოდის წინა პლანზე, შეცდომასა და დანაშაულზე კი პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. ამიტომ ფუჭია მოლოდინი, რომ ასეთი ტიპის ადამიანი თავს დამნაშავედ ჩათვლის და ბოდიშს მოიხდის.

მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ან სხვას აბრალებს, ან უარს ამბობს­ დანაშაულის დანახვაზე. ამბობს, რა, პრეზიდენტს არა აქვს უფლება, რომ შვილს ასწავლოსო, და არ ამბობს,­ რომ ბრალდება ამაზე კი არაა, იმაზეა, რომ განათლების მიცემის საფ­ა­სური ბიუჯეტიდან გადაიხადა. ასეა ყველა საკითხზე. მან კარგად იცის, ასეთ რაღაცებში ფულის ბიუჯეტიდან გადახდა არ შეიძლება. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თავის დროზე ეს ხარჯი დაცვის სამსახურზე გადაიტანა, რათა შემდეგ გრიფი “საიდუმლო” დასდებოდა. სააკაშვილის მიზანი რომ იყოს აღიარება­ და მონანიება, პირველი თვითონ დაიყრიდა თავზე ნაცარს, მოიხდიდა ბოდიშს, მერე ბოდიშს მოახდევინებდა გარშემო ყველას და “ნაცმოძრაობას” მოსთხოვდა მაქსიმალურად მშვიდობიან და კეთილ მოქმედებას, რადგან სიკეთე ძლიერი იარაღია­. თუკი საზოგადოება “ნაცმოძრაობისგან” სიკეთეს დაინახავდა, წინა წლების ცოდვებს შეუმსუბუქებდა და არ იქნებოდა ასეთი აგრესია. შემცირდებოდა ასევე აგრესია მისადმი, მაგრამ ამას აკეთებს… ის უფრო განწყობებით მოქმედი პოლიტიკოსია და ამ განწყობების პარალელურად უჩნდება კონკრეტული მოქმედების სურვილი… ჩვენ კი ვთვლით ხოლმე, რომ სააკაშვილს რაღაც სცენარი აქვს მომზადებული, მაგრამ სცენარის დაწერის მსურველს ეს სქემა 2013 წელს უკვე ექნებოდა გაწერილი, ანუ დიდი ხნის უარყოფილი ექნებოდა 7 ნოემბრის ამბები და შემზადებული ექნებოდა არგუმენტები საიმისოდ, რომ 7 ნოემბრის ბრალდება არ მიჰკარებოდა. მეტიც, სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსი არც გადადგამდა იმ ნაბიჯს, რასაც 7 ნოემბერი მოჰყვა”,- განაცხადა საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები