“ფრანგი ტრამპი” – პუტინისადმი სიმპათიით განწყობილმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობა “რეკონკისტა” დააფუძნა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რადიკალმა მემარჯვენე პოლემიკოსმა, ერიკ ზემურმა, რომელსაც ადგილობრივი მედია “ფრანგ ტრამპს” უწოდებს, საკუთარი მოძრაობის – “რეკონკისტა”-ს( Reconquista) შექმნა გამოაცხადა.

ზემურმა საარჩევნო პროგრამა გუშინდელ პირველ მიტინგზე წარადგინა, რომელიც მან საფრანგეთის უმაღლესი თანამდებობის პრეტენდენტის სახით გამართა.

“ჩვენი მოძრაობა – Reconquista იწყებს მოქმედებას. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქვეყანას მისი ეკონომიკა, უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა. შემოგვიერთდით”, – მიმართა ზემურმა სიტყვით გამოსვლის დროს 15 000 მხარდამჭერს.

63 წლის ზემურმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 30 ნოემბერს გამოაცხადა.

ზემური რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა და, გამოკითხვების მიხედვით, კიდევ ერთ რადიკალ პოლიტიკოსს – მარინ ლე პენს დაუპირისპირდება; დიდი ალბათობით, არჩევნებში მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან ერთად გავა.

ზემური მიიჩნევს, რომ კოროვირუსის შესახებ საფრთხე ძალიან გადაჭარბებულია.

ასევე ცნობილია, რომ ის მკაცრი პოზიციით გამოირჩევა იმიგრაციის, ისლამისა და ეროვნული იდენტობის მიმართ. მასვე ეკუთვნის განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ზემური უარს იტყვის კოვიდპასპორტებზე.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ერიკ ზემური არ მალავს, რომ მისი კუმირია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და გულწრფელად არის მისი პერსონით აღფრთოვანებული.

2016 წელს Le Figaro-ში მან დაწერა, „პუტინი ჩვენი მტერი არ არის, ეს ჩვენი სინდისია. ის ერთადერთი ევროპელია, რომელიც უარს ეუბნება ამერიკას, როგორც ამას აკეთებდა ოდესღაც დე გოლი. ის ერთადერთი, დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ხელისუფლების ვერტიკალს მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი ჰორიზონტალური საზოგადოების ეგოლიტარიზმს ემხრობა”.

2018 წელს ერთ-ერთ ტელეთერში კითხვაზე, თუ ვის მოიყვანდა მაგალითად, როგორც ლიდერს, რომელიც იცავს საკუთარ სახელმწიფოს ყველაფრის მიუხედავად, ზემურმა პუტინი დაასახელა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება.

რეკონკისტა VIII–XV საუკუნეებში დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესია პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლებიც დაკავებული ჰქონდა მავრების სამეფოს. ასევე, ფართო მნიშვნელობით, იგულისხმება მუსლიმებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები