ყოფილი მინისტრი განცხადებას ავრცელებს
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმჭიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებაში ცვლილებები ბუნებრივი მოვლენა და ნორმალური პროცესია. ცვლილებები და განახლება ახალ ენერგიას მატებს სახელისუფლო გუნდს და ორიენტირებულია ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. კოალიცია ,,ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გავიარე ბრძოლის ის გზა, რომელმაც, საბოლოოდ, უსამართლობა, უკანონობა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა დაამარცხა. ამ გზაზე მე და ჩემს თანაგუნდელებს ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიხდა, რათა საქართველოში საღ აზრს და სამართლიანობას ეზეიმა. მიმაჩნდა, რომ ჩემს ქვეყანას დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და კანონის უზენაესობის გზით უნდა ევლო, რომ ადამიანის უფლებები ყველა მოქალაქისათვის დაცული და თანაბარი უნდა ყოფილიყო, უნდა ეარსება პოლიტიკურ პლურალიზმს, მედია პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი ყოფილიყო, სასამართლო კი დამოუკიდებელი. ჩვენმა გუნდმა სწორედ ამ პრინციპების ერთგულება დაანახა ქართველ ხალხს, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი გამარჯვება. ამ ყოველივესათვის, მინდა მადლობა გადავუხადო კოალიცია ,,ქართული ოცნების” გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ადამიანს, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში. ჩემი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა განხორციელდა. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი სტრატეგია დიასპორასთან მიმართებით, შევქმენით თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომელიც მალე სრულფასოვნად ამოქმედდება; დასასრულისაკენ მიდის ონლაინ სკოლის პროექტის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს თანამემამულეებს არ დაივიწყონ მშობლიური ენა, ლიტერატურა, ჩვენი მდიდარი ისტორია, ტრადიციები, კულტურა; ჩვენ განვახორციელეთ სტუდენტთა სტაჟირების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საზღვარგარეთ მოსწავლე ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცათ ზაფხულში, საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გაევლოთ სტაჟირება, რათა სწავლის დასრულების შემდეგ, სხვა ქვეყანაში მიღებული განათლების საკუთარ ქვეყანაში რეალიზება შეძლონ; ჩვენ განვახორციელეთ საზაფხულო სკოლის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოზარდ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდათ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და თვალნათლივ შეეგრძნოთ საკუთარი სამშობლოს ხიბლი, რათა შემდგომში გასჩენოდათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი და მოტივაცია, რომელიც მათ მშობლებსაც მიაღებინებდა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას; მნიშვნელოვანი იყო პროექტი – „ქართველი ექიმები თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთში, ქალაქ ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან ჩასული ექიმების მიერ უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ; ჩემთვის საამაყოა, რომ აპარატის ხანგრძლივი მუშაობისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, საფრანგეთში მდებარე ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაიწყო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემისათვის საჭირო პროცედურების პირველი ეტაპი, რაც შესაძლებელს გახდის ეროვნული ისტორიისა და მემკვიდრეობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს და ქართველ ხალხს დაუბრუნდეს. მე ყოველთვის მივისწრაფვოდი დიასპორასთან მიმართებით მოქმედების მთავარი ხაზი და მიმართულებები მათთვის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების შესატყვისი ყოფილიყო. ჩემი საქმიანობის მიმართ იყო დიდი მხარდაჭერა, ხანდახან კრიტიკაც. მიმაჩნია, რომ კრიტიკა აფხიზლებს ადამიანს, ჯანსაღი კრიტიკა ეხმარება ხელისუფლებას, რომ ადამიანებისა და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებები და გამოწვევები წარმატებით გადაიჭრას, პროცესი გაჯანსაღდეს და განვითარდეს. მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერსაც და ოპონენტსაც მადლობა გადავუხადო. მათთან ურთიერთობა მეტ მოტივაციას გვაძლევდა, რათა მეტი შემართებით გვევლო დასახული მიზნების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, ჩემს კოლეგებს, მინისტრებს, იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც, ამ ხნის მანძილზე ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს, კვალიფიციური, პროფესიონალური საქმიანობისათვის და იმ ჰუმანური დამოკიდებულებისათვის, რასაც მათგან ყოველდღიური ურთიერთობისას ვგრძნობდი. და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა თქვენ გეკუთვნით, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება, მეტი უნარები და, რაც მთავარია, ბევრი მეგობარი შემძინა, რაც დიდად წაადგება ჩემს მომავალ საქმიანობას. მე ვუბრუნდები ჩემს ძირითად პროფესიას – დიპლომატიას, საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერული მოღვაწეობა. იმედი მაქვს, ახალ პოზიციაზე არანაკლებ სარგებელს მოვუტან ჩემს ხალხსა და ქვეყანას. მჯერა, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ახალი ხელმძღვანელის მოსვლით, კვლავაც ეფექტურად წარიმართება საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემემულეებთან საქმიანობა და ჩვენს მიერ შეუსრულებელი ამოცანები წარმატებით განხორციელდება. აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ გელა დუმბაძეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ვუსურვო ნაყოფიერი და წარმატებული მოღვაწეობა ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“, – ნათქვამია კონსტანტინე სურგულაძის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში.