ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსს სულ 531 ადამიანი ემსხვერპლა – კლინიკები რეგიონში გადატვირთულია
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი გუშინ 105 ადამიანს დაუდგინდა, რეგიონში სულ 341 ტესტი გააკეთეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარში ამჟამად 62 ადამიანი იმყოფება, 24 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ერთი პაციენტი, 1932 წელს დაბადებული მამაკაცი გაგრაში გარდაიცვალა.
“ჯანდაცვის სამინისტროს” ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს ოკუპირებულ აფხაზეთში 531 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 35407 შემთხვევა. ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 28822 ადამიანი. რეგიონში ვაქცინაცია რუსული პრეპარატებით მიდინარეობს, “სპუტნიკ – V” 18-დან 29 ნოემბრამდე 780-მა ადამიანმა გაიკეთა. “სპუტნიკ ლაითით” კი 5211 ადამიანი აიცრა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხმრავალი შეკრებები კვლავ დიდ პრობლემად რჩება – ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან რეკომენდაციები, რადგან, შიშობენ, რომ სულ მალე კლინიკებში ადგილები აღარ იქნება და პაციენტების მკურნალობას ვეღარ შეძლებენ.