“ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის „ფულს სუნი არ ჰქონდა”
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია, რომელსაც რამდენიმე წლის წინ “ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდა, “კვირასთან“ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტს ეხმაურება. ცოტნე გამსახურდიას თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის „ფულს სუნი არ ჰქონდა“. გამსახურდიას აღნიშულ კონტექსტში ყოფილი მმართველი ძალის მიერ რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტის პირობებში, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ეკონომიკური ობიექტები – ენერგეტიკული რესურსები რუსეთს დაუბრკოლებლად მიჰყიდა.
გამსახურდიას თქმით, ბაჩო ახალაიას, როგორც თავდაცვისა და შს მინისტრს ვალდებულება ჰქონდა, გარკვეული დოზით დისტანცია დაეჭირა მსგავსი დონის დიპლომატებთან.
“მოხელისუფლებო ექსპერტი ანდრო ბარნოვი ამტკიცებდა, რომ სტრატეგიულ-პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის, ანუ რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტების გადაცემა კარგი ტონი იყო, და რომ ეს მიღებული მეთოდია მსოფლიოში. ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის ფულს სუნი არ ჰქონდა, მათთვის სულ ერთი იყო, ფული რუსული იყო, იაპონური თუ ამერიკული. ბაჩო ახალაიას ახლობლების მიერ ბინის რუსი დიპლომატისთვის მიქირავების ფაქტთზე თუ ვისაუბრებთ, აქაც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ახალაიას, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებდა“,- აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა, აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა, პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა. ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს.
აღნიშნულ თემას დღეს საგანგებო განცხადებით ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა. როგორც ნადარეიშვილი საგანგებო განცხადებაში განმარტავს, მამამისის, თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან აღნიშნული ბინა გაქირავებულია და სახლთან ბაჩო ახალაიას არანაირი შეხება არ აქვს. ბაჩო ახალაიას მეუღლე ასევე ვრცელ განმარტებას აკეთებს დედამისის, ლიდია ყურაშვილის მიერ აღნიშნული ბინის რუსეთის წარმომადგენლისთვის მიქირავების გადაწყვეტილების გარემოებებზე. ნადარეიშვილის მტკიცებით, 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი რუსეთის წარმომადგენელმა გამოთქვა, რაზედაც ლიდია ყურაშვილმა უარი განაცხადა და განმარტა, რომ “თამაზის ნაცხოვრებ სახლში“ მტრებს არ აცხოვრებდა. თუმცა, ბაჩო ახალაიას მეუღლის თქმით, უშიშროების სამსახურმა დედამისს აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ასე იყო აუცილებელი, შესაბამისად, სახლი რუსეთის წარმომადგენელს მიქირავდა.