მანანა არჩვაძე-გამსახურდია უარს ამბობს სახელმწიფო მანქანის მომსახურებაზე და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის გაუქმებას ითხოვს
მანანა არჩვაძე-გამსახურდია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსსა და ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართავს. როგორც მანანა არჩვაძე – გამსახურდია განცხადებაში აღნიშნავს, ის უარს ამბობს სახელმწიფო მანქანით სარგებლობაზე. ამასთანავე, ექსპრეზიდენტის მეუღლე დავით სერგეენკოს მიმართავს, რომ გაუქმდეს მის სახელზე გაცემული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. „კვირა“ მანანა არჩვაძე – გამსახურდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგმართავთ, რათა საქმის კურსში ჩაგაყენოთ თქვენ მიერ პრეზიდენტის მეუღლის ე.წ. ა/მანქანით მომსახურეობის თაობაზე. ალბათ ინფორმირებული ბრძანდებით, რომ დროებით სარგებლობაში მემსახურება ა/მანქანა, რომელიც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სხვის სამსახურში. ამჯერად იგივე მანქანა ნახმარ მდგომარეობაში (გავლილი ჰქონდა 17 000 კმ.) გადმომეცა მე. ამ ა/მანქანით ვსარგებლობდი მხოლოდ დედაქალაქში და მის ფარგლებს გარეთ არ გავსულვარ, არ დამირღვევია ლიმიტი არც საათობრივი მომსახურების, არც საწვავის მოხმარების, პირიქით, ყოველთვის მოვიხმარდი ნაკლებს, ვიდრე იყო ჩემზე გაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა არის შელახული, ავარიულ მდგომარეობაში, პრეტენზია უკეთესში ჩაჯდომაზე არასოდეს მქონია, თუმცა ა/მანქანების განაწილებისას ლამის მკვლელობებამდე მიდიოდნენ. ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ა/მანქანა არის ვადაგასული, დაზიანებული აქვს ძრავი და ხშირად მიწევს მანქანის გარეშე სიარული, კატეგორიულ უარს ვაცხადებ სხვის ნახმარ, დანგრეულ და ასევე სხვის დამადლებულ ა/მანქანის მომსახურეობაზე, კატეგორიულად მოვითხოვ, დაიბრუნოთ თქვენი ე.წ. ა/მანქანა. თქვენ მანქანით მომსახურებით ვერ გამაკვირვებთ, ვინაიდან ათეული წლების მანძილზე გამსახურდიების ოჯახი პირად საკუთრებაში ფლობდა ორ ა/მანქანას შეძენილს ინტელექტუალური შრომის შედეგად მოპოვებული თანხებით.
24.07.2014 -დან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სახელზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაფორმებული ა/მანქანა გაუქმებულად ჩაითვალოს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ამხანაგ დავით სერგეენკოს მოგმართავთ მანანა არჩვეძე-გამსახურდია, რათა 24.07.2014 -დან გაუქმდეს ჩემს სახელზე გაცემული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. ბარათი გადმოგეგზავნებათ ფოსტით 23.07.2014“, – ნათქვამია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებაში.