თბილისის მერიის ძველი გუნდი მუშაობას 2 აგვისტომდე გააგრძელებს
თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, სხდომას საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები ესწრებოდნენ. როგორც თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, მერიის ყველა სამსახური ჩვეულებრივი რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, შემდგომი 11 დღის განმავლობაში სანამ მერიაში ახალი მთავრობა მოვა, მუშაობას ასევე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, თბილისის ახლად არჩეული მერის იურისტები გუშინ მერიაში იმყოფებოდნენ და მერიის იურისტებთან კონსულტაციები ჰქონდათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერიის ძველი გუნდი მუშაობას 2 აგვისტომდე გააგრძელებს. მისივე თქმით, 2 აგვისტოს შემდეგ იგი თავად არ აპირებს მერიაში დარჩენას, თუმცა მას არც შემოთავაზება არც მიუღია. როგორც მერიაში განმარტავენ, გუშინ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამოცხადების შემდეგ თბილისის სტრუქტრული ერთეულების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუწყდათ, თუმცა, შეთანხმების თანახმად, თანამდებობებზე, 2 აგვისტომდე დარჩებიან.