ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯაროდ დაადასტურა აფხაზეთის რესპუბლიკის ხელთ არსებული ფაქტები, რომ საქართველოს მთავრობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების მაღალჩინოსნების მოსყიდვაში”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
საუბარია ნაურუზე, ტუვალუსა და ვანუატუზე, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს.
ე.წ. უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ “წყნარი ოკეანის სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგი იყო.”
„ფართო საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა აფხაზეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. თუმცა, ჩვენი ქართველი ოპონენტებისგან განსხვავებით, აფხაზი დიპლომატები თავიანთ სამუშაო პრაქტიკაში იყენებენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის ლეგალურ და ცივილიზებულ ფორმებს“, – ნათქვამია კომენტარში.
აღინიშნება, რომ ე.წ. უწყებაში მომავლშიც გააგრძელებენ მუშაობას “აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების გაფართოებაზე, ექსკლუზიურად საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად”.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ტაილანდში ნამდვილად იმყოფებოდა და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა. „ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მლნ დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჭში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ იორკიდან სოჭში და მერე გადაიყვანეს სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, თუ არ ვცდები და გვითხრა, რომ მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.