თეა წულუკიანი: გვყავს მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი

“ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი, ასეთია რეალობა”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკონონდებლო ორგანოში მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დღეს სპორტული ფედერაციები დაფინანსების მხრივ არათანაბარ, უთანასწორო მდგომარეობაში არიან.
„მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა, მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არამხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში, ეს უნდა გაგრძელდეს, ამგვარი სპორტის სახეობებისთვის ხელშეწყობა, ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მაღალი მიღწევები, რაც არაერთი სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა, ვაჩვენო კონტრასტი, ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი, ასეთია რეალობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები