პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში აშშ-ისა და ნატო-ს მნიშვნელოვან ინტერესებზე მოახდენს გავლენას

უკრაინაში რუსეთის, შესაძლო შეჭრა გავლენას მოახდენს აშშ-ისა და ნატო-ს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებზე, – განაცხადა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ, – წერს Reuters-ი.

როგორც მან აღნიშნა, პენტაგონი ხედავს “საკმარის” ნიშნებს, რომ რუსეთი რაღაცას აპირებს უკრაინის საზღვრებთან, რომ გამოიწვიოს “სერიოზული შეშფოთება”.

Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრამ შეიძლება, მსოფლიოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რადგან, მაგალითად, ჩინეთი არ მალავს თავის განზრახვებს ტაივანის მიმართ.

მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო დროს რუსული რიტორიკა “უფრო მკაცრი ხდება”.

„თუ რუსები 1991 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას განახორციელებენ, აშშ-ისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება“, – თქვა მილიმ.

მან არ დააზუსტა, კონკრეტულად რას აფიქსირებს აშშ-ის დაზვერვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და ახლა იქ არის საკმარისი ინფორმაცია, რომ სერიოზული შეშფოთება გამოიწვიოს“. გენერალმა ასევე უარი თქვა იმის განხილვაზე, თუ რა ვარიანტები შეიძლება, განიხილოს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის შემთხვევაში.

გარდა ამისა, აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა არ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “შთაგონებული იყოს” ავღანეთიდან ამერიკელების გაყვანით და თქვა: “ეს პუტინს უნდა ჰკითხოთ”.

ამავდროულად, მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის საფუძველზე ფართო სტრატეგიული დასკვნის გაკეთება და შემდეგ ამ მოვლენის ავტომატურად გამოყენება სხვა სიტუაციებში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები