ისრაელში ირანთან ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს ირანის ბირთვული პრობლემის სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

The Jerusalem Post-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე, პრესკონფერენციაზე მინისტრმა თქვა, რომ „სამხედრო სცენარი ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში“.

„რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო, რასაც გვინდა, მივმართოთ, მაგრამ არ გვაქვს უფლება, არ მოვემზადოთ ამისთვის“, – განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, სამხედრო სცენარის ალბათობა გაიზრდება, თუ ირანთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ამავდროულად, ისრაელის ხელისუფლების შეფასებით, „კარგი გარიგება“ მოიცავს ირანის კვლევის, გამდიდრებული ბირთვული მასალების დაგროვების პრევენციას, რეგიონში თეირანის მტრული მოქმედების შეჩერებასა და მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის მხარდაჭერას.

განცმა იმედი გამოთქვა, რომ, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, შეერთებული შტატები ისრაელს მხარს დაუჭერს, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი “არ არის ვალდებული, საკუთარ თავდაცვასთან დაკავშირებით ვინმესთან კოორდინაცია გაიაროს”.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რა გახდება ისრაელის ხელისუფლებისთვის „წითელი ხაზი“ და მხოლოდ ის თქვა, რომ „დადგება მომენტი, როდესაც რეგიონსა და ისრაელს სხვა გზა აღარ ექნებათ, გარდა – მოქმედებისა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები