ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში 107 პუნქტით გამყარდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 1.7703 შეადგინა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის ევროსთან მიმართებას, ამ შემთხვევაში, ეროვნულმა ვალუტამ 161 პუნქტით გაიმყარა პოზიციები. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურებაზე, ამოწურულია. “ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის შეჩერებულია“,-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურება შემოდგომიდან დაიწყო და პიკს იანვარში მიაღწია. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი აღნიშნულ პროცესს საგანგაშოდ არ მიიჩნევდნენ.