რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს კოვიდგადატანილმა პაციენტმა – რჩევები სპეციალისტისგან

 კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს და  დიდხანს ებრძვიან პოსტკოვიდურ სინდრომს. თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი, ზოგს  სახსრები სტკივა, ზოგიერთი მეხსიერებისა და მხედველობის დაქვეითებას უჩივის, ხოლო ზოგს ენდოკრინოლოგიური პრობლემები აქვს – სიმპტომების სპექტრი ფართოა. როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ეს შესაძლოა, იყოს გახანგრძლივებული კოვიდით გამოწვეული ან შესაძლებელია, დაავადებამ დაღი დაასვა ადამიანის ჯანმრთელობას და რომელიმე ორგანო დააზიანა. ამიტომ  ჩივილს შემთხვევაში აუცილებელია დახმარებისთვის ექიმს მივმართოთ, რომ ვირუსით გამოწვეული პრობლემების დროული ალაგება მოხდეს.

კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის „ევექსის“ კლინიკამ პოსტ-კოვიდ პროგრამა შექმნა და მასში  ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება „ევექსის“ კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე. 

კოვიდით გამოწვეულ პრობლემებზე კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რევმატოლოგი, მარიკა თოიძე გვესაუბრება.

მარიკა თოიძე:
– კავკასიის მედიცინის ცენტრში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ფუნქციონირებს. ამ ცენტრის გახსნა საჭირო გახდა, რადგან კოვიდის გადატანის შემდგომ იყო სერიოზული გართულებები. ვინც მსუბუქად გადაიტანა კოვიდი, მათაც აღენიშნებათ  შემდგომი გართულებები. ძირითადად, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ არის პრობლემები. განსაკუთრებულად გახშირებულია ენდოკრინული სისტემისა და დიაბეტის შემთხვევები. ვისაც მანამდე მოწესრიგებული ჰქონდა შაქარი, მათ გაუჩნდათ პრობლემა,  ვისაც მოწესრიგებული ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, იმას აერია.

მოსაწესრიგებელი გახდა  არტერიული წნევები. თუ ჰიპერტენზია ჰქონდა ადამიანს და იღებდა მედიკამენტს, აღმოჩნდა, რომ იგივე მედიკამენტებზე აღარ დარეგულირდა წნევა და ახალი მედიკამენტით ჩანაცვლება გახდა საჭირო. ბევრ პაციენტს ასევე დაერღვა ფილტვის ფუნქციები. საკმაოდ დიდ, 20- 25 პროცენტს,  კოვიდის გადატანის შემდეგ, ხანგრძლივი ნარჩენი მოვლენების დიაგნოსტირება, მკურნალობა და კორეგირება სჭირდება. რამდენიმე ექიმი სპეციალურად გადავამზადეთ ასეთი პაციენტებისთვის. ამ მიმართულებებით, ძირითადად, ოჯახის ექიმები მუშაობენ,  მათ გაიარეს ტრენინგები, ევროპული და ამერიკული გამოცდილების შესაბამისად, აქვთ გაიდლაინები, თუ რა კვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, რომ დროულად მოხდეს გამოვლენა და ჩარევა.

ასევე, გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა „საირმის რესორტთან“.  სარეაბილიტაციო პაკეტებში შედის დიაგნოსტიკური კვლევები. საირმის თერმული აბაზანებით მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად საჭირო პროცედურები ტარდება. რესპირატორული პრობლემებისთვის განკუთვნილია მარილის ოთახი, ეს პროცედურები  გახანგრძლივებული პნევმონიის მქონე პაციენტებზე კარგად მოქმედებს. ვისაც სჭირდებათ, იმათ მინერალური წყლით ინჰალაციაც უკეთდებათ. გვყავს ექიმი, რომელიც მეთვალყურეობს რეაბილიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, კოვიდგადატანილ პაციენტებში საკმაოდ სერიოზული გართულებები გვხვდება.

virusi– ბევრი უჩივის მეხსიერების პრობლემას, დაღლას, სახსრების ტკივილს. იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ კლინიკას?

–   ყველაზე ხშირია ზოგადი დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება,  კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტებს  საკმაოდ დიდხანს მიჰყვებათ – უძილობა, ემოციური ლაბილობა, ძალიან ადვილად  აღგზნებადობა, გაბრაზება, ხასიათის ცვლილება, მეხსიერების დაქვეითება. დაფიქსირდა მხედველობის დაქვეითების შემთხვევაც. ჩვენთან თვალის ოფთალმოლოგიური ცენტრიც ფუნქციონირებს  და თვალის დიაგნოსტირებაც არის შესაძლებელი. თუ  კოვიდგადატანილ ადამიანს პრობლემები 2 კვირას უგრძელდება, ეს შეიძლება ჩაითვალოს ვირუსის შემდგომ პერიოდად, მაგრამ თუ გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება დიაგნოსტიკა. ასევე არსებობს გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომიც.

– ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება რომ  დიდხანს გაუგრძელდეს კოვიდი?
– დიახ, არის ზრდასრულებშიც გახანგრძლივებული კოვიდი, მაგრამ  თუ ექიმი არ ჩაერია და არ მოხდა გამოკვლევა, კონკრეტულად ორგანოთა რომელი  სისტემა არის ჩარეული, შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. ხშირია ასევე კუნთების და სახსრების ტკივილი. პოსტოვიდურ პაციენტებში ძალიან ხშირად შეინიშნება დეპრესიული განწყობაც, ეს იმდენად ხშირად ხდება და ისეთი ფორმით, რომ მედიკამენტოზური ჩარევაც საჭიროა.

ეს ყველაფერი უკავშირდება მიკროცირკულაციის მოშლას, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დადგენილი, კონკრეტულად  რას ეფუძნება მრავალმხრივი კლინიკური დარღვევები, ამიტომ დიაგნოსტირება აუცილებელია – ბაზისური შემოწმება,  სასიცოცხლო ფუნქციები, ბიოქიმიური ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ  გამოვლინდეს, რა დაუზიანა კოვიდმა ადამიანს.

არის პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის – ახალგაზრდები, ვინც კოვიდი მსუბუქად გადაიტანა და არ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, არც მედიკამენტოზური ჩარევა, შეიძლება მხოლოდ ერთი-ორჯერ მიიღო სიცხის დამწევი, მაგრამ პოსტკოვიდური პრობლემები აქვს და დღემდე მკურნალობს. დაავადების სიმძიმეზე არ არის დამოკიდებული,  თუმცა მათ, ვინც მძიმედ გადაიტანა კოვიდი, უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივადაც აღენიშნებათ პოსტკოვიდური სინდრომი მრავალმხრივი გამოვლინებით.

ვისაც  მანამდე ჰქონდა  გულსისხლძარღვთა პრობლემები – ან დიაბეტი ან ჰიპერ ქოლესტერინი, ისედაც იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ვინც რეანიმაციაში მოხვდა და ხელოვნური აპარატი დასჭირდა, ამ კონტინგენტისთვისაც დამახასიათებელია მძიმე პოსტკოვიდური სინდრომი.

კლინიკაში გვაქვს სხვადასხვა პაკეტი. ბაზისური შემოწმების შემდეგ გამოვლინდება, დატოვა თუ არა რამე დარღვევა ინფექციამ. ექიმი რეკომენდანციას გაუწევს პაციენტს, რომელია მისთვის მორგებული პაკეტი, რომ იმით ისარგებლოს. გვაქვს პაკეტი, რომელიც ცალკე გულსისხლძარღვთა პრობლემის მქონე  პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, ცალკეა -დიაბეტიანი პაციენტებისთვის. ასევე ძალიან მნიშნელოვანია ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რადგან ხშირია ფსიქოლოგიური დარღვევები და ასეთ პაციენტებს ფსიქოთერაპიულ დახმარებასაც ვთავაზობთ. პედიატრიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ბატონი თემურ მიქელაძე და მთელი გუნდი ავლენს ბავშვებში პოსტკოვიდურ პრობლემებს. ყველანაირი ანალიზი კეთდება ბავშვებისთვისაც.

–  კოვიდის შემდგომი პრობლემები ალაგებას ექვემდებარება?

– საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ბევრად უმჯობესდება პაციენტების მდგომარეობა. ვისაც სუნთქვითი პრობლემები აქვს,  გარკვეული ფიზიოთერაპიული პროცედურები, სუნთქვითი ვარჯიშები  უტარდებათ.  შედეგები კი კარგი გვაქვს, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა, ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იყო პაციენტის მდგომარეობა კოვიდამდე. ეს ძალიან ინდივიდუალურია, დროულად გამოვლენა კი – ძალიან მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები