თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტისთვის ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ის ამჯერადაც ღირსეულად წარდგება ხალხის წინაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება, ამიტომ ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ სასამართლოსთან შეიკრიბონ“, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
სააკაშვილი, სასამართლო