„ომიკრონი“ აშშ-შია – ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფოდ აიცრან ან გაიკეთონ „ბუსტერი“  უკვე არსებული  ვაქცინებით

„ომიკრონის“ გამოჩენა კიდევ ერთი მიზეზია, რომ ადამიანები აიცრან  ან „ბუსტერდოზა“ მიიღონ, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან მოსახლეობას აშშ-ში ახალი შტამით ინფიცირების გამოვლენა ამცნო  – „ომიკრონი“ დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში 22 ნოემბერს ჩავიდა, კორონავირუსი კი 29 ნოემბერს დაუდასტურდა.

„ახლა რაც ხდება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ დავინახოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია”, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს „ბუსტერდოზის“ შემდეგ.

„ჩვენი გამოცდილება ვარიანტებთან დაკავშირებით, როგორიცაა, თუნდაც, „დელტა“ ვარიანტი, არის შემდეგი – იმის მიუხედავად, რომ ვაქცინა არ არის კონკრეტულად „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ შექმნილი, ადამიანს აქვს საკმარისად ძლიერი იმუნური პასუხი და იღებს მაღალ დაცვას იმ ვარიანტის წინააღმდეგაც კი, რომლის წინააღმდეგ  ვაქცინა სპეციალურად არ არის შექმნილი.

სწორედ ამ მიზეზით,  მართალია, ჯერ კიდევ არ გვაქვს „ომიკრონზე“ ბევრი ინფორმაცია, თუმცა გვაქვს მყარი საფუძველი, რომ გვჯეროდეს, „ბუსტერის“ შემთხვევაში „ომიკრონის“ თუნდაც რთული ფორმისგან ვიქნებით დაცულები“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, მოსახლეობა არ უნდა დაელოდოს „ბუსტერდოზას“, რომლებსაც კომპანიები სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ ქმნიან, რადგან აღნიშნული „ბუსტერები“  შესაძლოა, საჭირო არც იყოს და უკვე არსებულმა ვაქცინებმა საკმარისად მაღალი დაცვა აჩვენონ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები