მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვჭირდება სწორი ღირებულებების ერთგული მოქალაქის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა

„ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც კონკურენტუნარიან მოსწავლეებს და კადრებს მოამზადებს, არამედ ეს უნდა იყოს სწორი ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული, სწორი ღირებულებების ერთგული მოქალაქის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

მიხეილ სარჯველაძემ განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამინისტროს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი განათლების სისტემის განვითარებაა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ყველა სხვა მიმართულების განვითარებაც.

„სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფოს მწყობრად განვითარება, ეს სწორედ განათლებაზე უნდა იყოს დაყრდნობილი. მათ შორის, არის კონცეფცია, რომელიც გადაჯაჭვულია ადამიანის უფლებების თემებთან. ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს მოიცავს იმ პრობლემებსაც, მათ შორის, ბულინგის პრობლემის მოწესრიგებას და ბევრ სხვას. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პროგრესის მეტი დემონსტრირება მოხდეს და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი.რაც შეიძლება, მეტი უნდა გაკეთდეს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანის უფლებებზე მეტი საუბრის, ინფორმაციის გაცვლის და მეტი შესაძლებლობების გაჩენის მიმართულებით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გავაანალიზებთ საზოგადოების მანკიერი მენტალიტეტის თითოეულ პრობლემას, აქედან დაბადებული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვას და გამოწვევებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვაქვს სახელმწიფოში, იწყება სწორედ სწორი აღზრდიდან, სწორი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებიდან. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რომ სკოლებში არა უბრალოდ მეტი ინფორმაცია შევიტანოთ, არამედ, ამ მიმართულებით, გამოცხადდეს სტრატეგიული ხაზი რომ, რომ გვჭირდება არა უბრალოდ კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც კონკურენტუნარიან მოსწავლეებს და კადრებს მოამზადებს, არამედ ეს უნდა იყოს სწორი ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული, სწორი ღირებულებების ერთგული მოქალაქის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა. ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ამ კუთხით გვქონდეს სერიოზული პროგრესი”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები