გეგმავს თუ არა ნატო ბირთვული იარაღის განთავსებას ევროპის აღმოსავლეთით – სტოლტენბერგის პასუხი

ნატო არ გეგმავს, ბირთვული იარაღი განათავსოს იმ ქვეყნებში, სადაც ის ამჟამად არ არის, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ამის შესახებ მან რიგაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არ ვგეგმავთ ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ის უკვე განლაგებულია შეკავების პოლიტიკის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში“, – თქვა მან ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების საპასუხოდ.

ბელორუსის ლიდერმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატო პოლონეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს, მინსკი მოსკოვს ამავე ქმედებისთვის საკუთარ ტერიტორიას დაუთმობს.

დღეს ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ სტოლტენბერგმა ევროპის აღმოსავლეთით ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გერმანიაში თქვა, სადაც, კოალიციური მთავრობის ფორმირების ფარგლებში, გერმანიიდან ბირთვული იარაღის გატანის საკითხი განიხილებოდა, რაც კოალიციური მთავრობის პროგრამაში უნდა ჩაწერილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები