საია-ს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას მიესალმება, თუმცა კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამს.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამეტში წარდგენილი ინიციატივა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და დასახული მიზნის – სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.
„ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დღეს, როდესაც სახელმწიფო ახალ ინფორმაციის თავისუფლების კანონზე აქტიურად მუშაობს, გამართლებულად არ მიგვაჩნია ამ პროცესის წინმსწრებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მიღება“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს პარლამენტს საია-მ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა უკვე მიაწოდა. საერთაშორისო სტანდარტების მხედველობაში საია-ს მიაჩნია, რომ კანონპროექტმა სერიოზული ცვლილებები უნდა განიცადოს. კერძოდ, კანონპროექტს საჯარო ინტერესის ტესტი უნდა დაემატოს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას გულისხმობს, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინტერესი მისი საიდუმლოდ მიჩნევის ინტერესს გადაწონის.
ორგანიზაციაში ასევე მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ მისი გასაჯაროება სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს სერიოზულ ზიანს („ზიანის ტესტი“) მიაყენებს, თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ზიანის ტესტი საკმაოდ სუსტია და სახელმწიფო საიდუმლოებად იმ ინფორმაციის მიჩნევას ითვალისწინებს, რომელსაც მაგალითად, შეუძლია სახელმწიფოს ცალკეულ ინტერესებზე „უარყოფითი გავლენა“ იქონიოს.
„უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. კერძოდ, დანაშაულად მიჩნეულ უნდა იქნეს არა უბრალოდ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, არამედ ისეთი შემთხვევა, როდესაც გამჟღავნება ზიანს გამოიწვევს, ხოლო ჟურნალისტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა გამორიცხოს“ – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ასევე იმედოვნებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი საია-ს მოსაზრებებს გაითვალისწინებს და დოკუმენტის ტექსტში სათანადოდ ასახავს.
პარლამენტში „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონპროექტია ინიცირებული, რომლის ავტორიც უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, ინიციატორი კი, პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები