დავით ზალკალიანმა და პიტერ სიიარტომ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებების დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რიგაში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ექსპერტთა გაცვლას და კვლევების მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში, გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

დადებითად შეფასდა რიგის ნატო-ს მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების მიმართ და, ამ კონტექსტში, ნატო-ს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის ერთგულებისა და საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანზიმების განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგს და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც ორმხრივ, ასევე – მრავალმხრივ ფორმატებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები