LUFTHANSA GROUP-ის რეგიონული მენეჯერი: ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ჩვენი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე LUFTHANSA GROUP-ის ახლადანიშნულ რეგიონულ მენეჯერ კარსტენ ცანგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი “ლუფტანზა ჯგუფის” მიერ განხორციელებულ არაპირდაპირ ინვესტიციებს შეეხო.

“საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ბევრი სიახლის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქტი ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ”,  – განაცხადა კარსტენ ცანგმა, რომელიც სექტემბრიდან უკრაინაში, ბელარუსში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში “ლუფტანზა ჯგუფის” გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით ,,ლუფტანზა ჯგუფში,, შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ გერმანელ ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია ე.წ. ჰელი სკის მიმართულება, რასაც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს სამთო კურორტები სთავაზობს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტურიზმის სწრაფად აღდგება და სულ მალე დაუბრუნდება პანდემიანდელ ნიშნულს.

,,ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც განახლებული აეროპორტი ავიაკომპანიებს სთავაზობს. ასევე, გავაცანით იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

“ლუფტანზა ჯგუფის” რეგიონულ მენეჯერთან შეხვედრას საქართველოს აეროპორტების აღმასრულებელი მენეჯერი – ანი ჩიქოვანი და ბიზნესგანვითარების მენეჯერი – ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები