როგორ ხვდება სარესტორნო სფერო „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას – შოთა ბურჯანაძის განცხადება

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, პარადოქსულია ის, რომ ობიექტზე მისული სტუმარი ვალდებულია, „მწვანე პასპორტის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, დამხვედრი კი – არა.

ბურჯანაძე ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.

„დღეს პირველი დღეა, როცა სარესტორნო სფეროსა და კიდევ რამდენიმე სფეროში „მწვანე პასპორტის“ წარდგენის ვალდებულება იქნება. პირადად მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ „მწვანე ზონა“ და „მწვანე პასპორტი“ იქნება, ეს ქვეყანაში კოვიდვითარების რადიკალურად გამოსწორების შესაძლებლობაა იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო ზონების შექმნამ იმუნიზაციის დაჩქარება უნდა შეძლოს. სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმა იმუნიზაციისკენ ნაბიჯი უნდა გადადგან. მაგრამ პარადოქსულია ის, რომ სტუმარი, რომელიც ობიექტზე მიდის, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, დამხვედრი კი – არა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, უსაფრთხო ზონად იქნას აღქმული ადგილი, სადაც ერთი თუ მეორე მხარე კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ეს, დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება.
20 000-მდე ადამიანი დღეს სხვადახვა მოლს სტუმრობს, ისინი არ არიან ვალდებლები, კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, მაგრამ 20 მეტრში კაფე-ბარში ან კინოთეარტში თუ შევლენ, ვალდებულები არიან. ეს გამოსწორებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში „მწვანე ზონა“ და „მწვანე პასპორტი“ უბრალოდ ფორმალური მხარე იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ მუშაობის გრაფიკი შეიცვალა. დღემდე 23:00 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა, ეს შეიცვალა და გარკვეულწილად დამატებითი იმპულსია სფეროსთვის, რომ დამატებით სტუმრების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.
ერთ საკითხასაც უნდა შევეხოთ, ესეც პარადოქსულია, რას ნიშნავს შიდა და გარე მოხმარებისთვის ორი „მწვანე პასპორტი“? ჩვენ ჩართულები ვართ საერთაშორისო სისტემაში, 51 ქვეყანაში, რომელიც 1 სივრცეში ამოწმებს ადამიანს, არის თუ არა პიროვნება „მწვანე“. შიდა მოხმარებისთვის გვქონდეს სხვა მოთხოვნები და გარესთვის სხვა, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ „მწვანე პასპორტების“ გამოყენების პროცესში გარკვეული ხარვეზები იყოს.
„დღეს რესტორნები, როცა კრიტერიუმების მოთხოვნას და სკანირებას დაიწყებენ, წარმოუდგენელია, რომ ხარვეზები არ არსებობდეს. ზოგი ვერ დასკანერდება, ზოგისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება და ა.შ. საზოგადოება, სახელმწიფო და ბიზნესოპერატორი ამ შემთხვევაში ტესტის პროცესში ვართ. როგორ განვითარდება პროცესი, იმაზეა დამოკიდებული, შემდეგისთვის რა ნაბიჯები გადაიდგმება.
თუ შევთანხმდებით, რომ დამხვედრი და სტუმარი უსაფრთხო იქნება, უსაფრთხო ზონაში 100 კაცი იქნება, თუ 50 მნიშვნელობა აღარ ექნება და ეს „ივენთების“, ქორწილების, დაბადების დღეების გადახდის საშუალებას მოგვცემს. ამას უნდა ემსახურებოდეს „მწვანე ზონა“. დღეს ეს ვითარება არაა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, „მწვანე პასპორტი“ საქართველოში დღეიდან ამოქმედდა. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა ვრცელდება ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.
მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა კი 30-დან 50%-მდე იზრდება. აღნიშნულ დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ “მწვანე სტატუსის” ქონის შემთხვევაში დაიშვებიან.
რა სანქციებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესობიექტი „მწვანე პასპორტის“ კონცეფციას არ დანერგავს და საკუთარ სივრცეში იმ პირებს შეუშვებს, რომლებსაც „მწვანე სტატუსი“ არ აქვთ – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისივე თქმით, შრომის ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტებზე არიან გასულები და ისინი დღეს, ძირითადად, სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ახორციელებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის 322-ე დადგენილებაზე ზედამხედველობას შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად ახორიციელებს. ეს უწყებებია: სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია. მონიტორინგის პროცესს ჩვენ მათთან ერთად განვაგრძობთ. დღესაც შრომის ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტებზე არიან გასულები. დღეს ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ვახორციელებთ, რადგან აღნიშნული აპლიკაცია სიახლეა და კიდევ ერთხელ ბიზნესსუბიექტებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილზე ვაწვდით.
რაც შეეხებათ ობიექტებს, რომლებიც რეგულაციების შესრულებაზე უარს განაცხადებენ და თავიანთ ობიექტებზე „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას არ დანერგავენ, მათთვის დადგენილებით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შესაბამისი სანქციაა გათვალისწინებული. სანქცია ფიზიკური პირის შემთხვევაში არის 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 ლარის ოდენობით. ასევე, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, იმ ობიექტების საქმიანობა შეაჩეროს, რომლებიც აღნიშნული რეგულაციის შესრულებაზე უარს განაცხადებენ.
კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ბიზნესსუბიექტებს, დაიცვან რეკომენდაციები, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ასე წარმართონ სამუშაო პროცესი, რათა ჩვენ პრევენციული ღონისძიებების სრულად გატარება შევძლოთ“, – განაცხადა მიქაიამ.
მისივე თქმით, ობიექტზე „არამწვანე სტატუსის“ მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა დაწესებულებას ეკისრება.
„რეგულაციები განსაზღვრულია ობიექტებისთვის. შესაბამისად, კონტროლი ამ მიმართულებით ობიექტებმა უნდა განახორციელონ, რომ თავიანთ სივრცეში „მწვანე სტატუსის“ მქონე ადამიანები დაუშვან. ძირითადი პასუხისმგებლობა იმ ობიექტებისაა, რომელთა მიმართაც აღნიშული ვალდებულებია განსაზღვრული“, – განაცხადა მიქაიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები